მისანიჭებელი ხარისხი – კულტურის მეცნიერებათა მაგისტრი (MA in Cultural Studies)
პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ნინო ჩიქოვანი
კულტურის მეცნიერებები ბოლო 30 წლის მანძილზე განვითარდა დასავლურ უნივერსიტეტებში და გავრცელდა მსოფლიოს უდიდეს ნაწილში. კულტურის მეცნიერებათა, როგორც კვლევისა და სწავლების ცალკე სფეროს სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი და აშშ ითვლება, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში ჩამოყალიბდა კულტურის კვლევათა განსხვავებული პრობლემატიკა და ტრადიცია.
ჩვენთვის, ისევე როგორც, ვთქვათ, ბალკანეთისა და ცივილიზაციათა მიჯნაზე არსებული სხვა რეგიონებისათვის, რომლებიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში კონფლიქტების მთავარ კერებად იქცა, მნიშვნელოვანია კულტურული იდენტობის, კულტურათა კომუნიკაციის, ეთნიკური კონფლიქტების კულტურული საფუძვლების, ძალადობის კულტურული კონტექსტისა და სხვა საკითხების კვლევა. ჩვენთვის საყურადღებოა მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და მრავალკონფესიურ საზოგადოებათა ისტორიული დინამიკა და თანამედროვე პრობლემები.
ყველა დასახელებული პრობლემა, აკადემიურთან ერთად, პოლიტიკური ინტერესის საგანია. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მით უფრო ადეკვატურია, რაც მეტადაა გათვალისწინებული კულტურული რეალობა და წარსული. ეს ნათლად წარმოაჩენს კულტურის მეცნიერებათა პრაქტიკულ და გამოყენებით მნიშვნელობას. ამერიკელი კულტურანთროპოლოგის, ერთ-ერთი ცნობილი სახელმძღვანელოს ავტორის ადამ კუპერის სიტყვით, კულტურული იდენტობის პრობლემა განუყოფელია კულტურის პოლიტიკისაგან. პიროვნება მხოლოდ იქ და მაშინ შეიძლება იყოს თავისუფალი, სადაც მის ფასეულობებს პატივს სცემენ. მრავალკულტურულ საზოგადოებებში კულტურული განსხვავებები ყურადღებისა და ზრუნვის საგანი უნდა იყოს.
კონფლიქტებითა და დაპირისპირებებით მოცულ გლობალურ სამყაროში თანაარსებობს, ერთი მხრივ, ინტეგრაციისა და უნივერსალიზაციის, მეორე მხრივ კი დეზინტეგრაციისა და ლოკალიზაციის ტენდენციები. მეცნიერება ლოგიკურად მივიდა ისტორიისა და თანამედროვეობის კულტუროცენტრულ ხედვამდე. კულტურის ფენომენისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება, მას საგანგებო ადგილი ეთმობა მსოფლიოს მომავალი განვითარების ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო ვერსიაში.
ჩვენში კულტურის მეცნიერებათა სწავლება უნდა შეესაბამებოდეს და ემყარებოდეს დასავლეთის უნივერსიტეტებში არსებულ გამოცდილებას. მაგრამ, ამავე დროს, საჭიროა გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეძლებს წამყვანი პოზიციის დაკავებას რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით. ეს მიმართულებები შეიძლება იყოს: კულტურათა და ცივილიზაციათაA ურთიერთქმედება კავკასიაში; კავკასიის კონფლიქტების რელიგიური და კულტურული საფუძვლები; კულტურული იდენტობის პრობლემები; ინტერკულტურული ურთიერთობების პრობლემა კავკასიაში _ წარსული და თანამედროვეობა; ქართული კულტურის არსის გააზრება კულტურის მეცნიერებათა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და სხვ.
კულტურის კვლევები ინტერდისციპლინურ საფუძველზე აღმოცენდა და მისი განვითარება სხვაგვარად, თუ არა ინტერდისციპლინურ ჭრილში, წარმოუდგენელია.
პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ საკითხებს, ასევე კულტურათა კონკრეტული კვლევის მეთოდებსა და მაგალითებს (case studies). სტუდენტმა უნდა გაიაზროს ემპირიული მასალის თავმოყრისა და ანალიზის წესი და მიზანი კულტურის კვლევათა სფეროში.
ფართო და მრავალფეროვანი თეორიული მიდგომების საფუძველზე, სტუდენტი უნდა დაეუფლოს კულტურის ფენომენის ანალიზის ხერხებსა და მეთოდებს, გაიაზროს კულტურის კვლევის ინტერდისციპლინური ხასიათი. პროგრამის სავალდებულო და არჩევითი კურსები, ასევე სამაგისტრო ნაშრომი სტუდენტს საშუალებას აძლევს, გაიფართოოს თეორიული თვალსაწიერი, განავითაროს და დახვეწოს ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი, შეიძინოს და განამტკიცოს დამოუკიდებელი კვლევის ჩვევები.
პროგრამის სავალდებულო და არჩევითი კურსები საერთოა სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამასთან. ეს უზრუნველყოფს კულტურის მეცნიერებათა სფეროსათვის აუცილებელ მრავალმხრივ და ინტერდისციპლინურ ცოდნას.
პროგრამა ამზადებს სტუდენტს შემდგომი კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის.
მაგისტრის ხარისხის მქონეს შესაძლებლობა ექნება, იმუშაოს კულტურის პრობლემატიკით დაინტერესებულ სასწავლო და კვლევით დაწესებულებებში. როგორც ექსპერტი, იგი შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურებში. მისი კომპეტენციის სფერო მოიცავს კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას, მედიაპოლიტიკას კულტურის სფეროში, რეგიონული კონფლიქტების კულტურული საფუძვლებისა და მათი მოგვარების გზების ანალიზს, კულტურათა ურთიერთობის გამოცდილების გათვალისწინებას პოლიეთნიკურ, მრავალკონფესიურ და მულტიკულტურულ საზოგადოებაში.
კულტურის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონეს, გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, შეუძლია სწავლის გაგრძელება დოქტორანტურის საფეხურზე სხვადასხვა მიმართულებით (მაგალითად, ნაციონალიზმის კვლევები, ევროპული კვლევები, რელიგიის კვლევები, რეგიონული კვლევები, კულტურის სოციოლოგია, კულტურის ფსიქოლოგია და ა.შ.).
სავალდებულო, თითოეული – 10 კრედიტი
არჩევითი
დასახელებულის გარდა, სტუდენტს შეუძლია აირჩიოს საგანი ნებისმიერი სხვა სამაგისტრო პროგრამის სავალდებულო და არჩევითი საგნებიდან, პროგრამისა და სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.
სულ – 120 კრედიტი
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo.